28 მარტი 2020,   12:41
ვრცლად
ბარათაშვილების საგვარეულო სასახლე აუქციონზე - საყდრისის კომიტეტის წევრი "ქართული ოცნების“ დეპუტატის ინტერესებზე საუბრობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ბარათაშვილების საგვარეულო სასახლის აუქციონზე გატანას გეგმავს. საყდრისის კომიტეტის წევრი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი თეთრიწყაროში თამარ მეფის 19 ნომერში სასტუმროს ან რესტორნის განთავსებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამ ბრალდებას უარყოფს. ჩანქსელიანი ამბობს, რომ ისტორიული შენობის შეძენით დაინტერესებული არ არის.

ბარათაშვილის საგვარეულო სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 12 აგვისტოს მიენიჭა. პრეზიდენტის დონეზე შეთანხმებული საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ისევ სადავო გახდა.

საკითხი ჩავარდა, თუმცა მერიამ 8 ოქტომბერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილით მიმართა და შენობის აუქციონზე გატანა მოითხოვა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ისტორიული შენობის აუქციონზე გატანას არ აპირებს. ადგილზე სამუზეუმო სივრცის მოწყობას გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ბარათაშვილის საგვარეულო სასახლე სააგენტოს ბალანსზე უნდა იყოს და მისი გასხვისება დაუშვებელია.

ისტორიულ შენობასთან დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ  მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა. საყდრისის კომიტეტის წევრებმა ადგილიდან ქვების წაღება გააპროტესტეს. ვინაიდან, კანონის თანახმად, დაცული ტერიტორიიდან რაიმეს შეუთანხმებლად გადატანა ან წაღებაც კი დანაშაულია.

საყდრისის კომიტეტის წევრები ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ, გაარკვიოს ისტორიული შენობის გასხვისების უკან იკვეთება თუ არა “ქართული ოცნების“ დეპუტატის ინტერესები, ასევე მოუწოდებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, არ გასცეს ნებართვა ძეგლის გასხვისებასთან დაკავშირებით.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

 

 

დღის ამბები