25 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
თურქეთმა აშშ-ის მოკავშირე ქურთების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო ოპერაცია დაიწყო - არის მსხვერპლი

თურქეთმა შეერთებული შტატების მოკავშირე ქურთების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სირიელი ქურთები იმ ბანაკებს იცავენ, სადაც პატიმარი ტერორისტები არიან მოთავსებული. დასავლეთი შეშფოთებულია, რომ სამხედრო ოპერაციით  ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" ისარგებლებს. ამასთან, საომარი მოქმედებები ადგილობრივ მოსახლეობას აზიანებს.

საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ადასტურებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია, ასობით ათასმა ადამიანმა კი უკვე დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

ევროკავშირი საფრანგეთის ინიციატივით, სამხედრო ოპერაციების გამო თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან.

ევროკავშირის წევრები ნატოში თურქეთის წევრობასაც ეჭვის ქვეშ აყენებენ. დღეს ნატოს გენერალური მდივანი სტამბოლში ჩავიდა და ერდოღანს შეხვდა. როგორც სტოლტენბერგი მიიჩნევს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თურქეთს ალიანსიდან გარიცხვა არ ემუქრება. 

პენტაგონმა ანკარას მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია, რადგან საომარი მოქმედებები ამერიკელ სამხედროებს ტერორისტებთან ბრძოლაში ხელს უშლის. ფინეთმა თურქეთში სამხედრო იარაღის ექსპორტი შეაჩერა.

სამხედრო ოპერაცია გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზეც განიხილეს, თუმცა რეზოლუცია, რომელიც თურქეთის მხრიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა, რუსეთმა და ამერიკამ დაბლოკეს.

დღის ამბები