15 ნოემბერი 2019,   14:18
ვრცლად
შეჩერებული პროექტები და უპატრონოდ მიტოვებული გადათხრილი ქუჩები - სოფელ შრომას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

შეჩერებული მასშტაბური პროექტები და უპატრონოდ მიტოვებული გადათხრილი ქუჩები, - ლაგოდეხში, სოფელ შრომაში არსებული მდგომარეობა საავარიო სიტუაციებს ქმნის. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ლუიზა ხუნწარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცენტრალურ მაგისტრალთან ცხოვრობს. გაზაფხულზე მისი სახლის წინ, ორმოები სანიაღვრე არხის მოწყობის მიზნით ამოთხარეს, თუმცა სამუშაოები მალევე შეაჩერეს.

გადათხრილი და მიტოვებული სამუშაოები პრობლემას უქმნის სოფელ შრომის მოსახლეობის იმ ნაწილსაც, ვინც ავტომაგისტრალთან ახლოს არ ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუსრულებელი სამუშაოები საავარიო სიტუაციებს ქმნის, მათი თქმით, დაუცველები არიან მოსწავლეებიც, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სახიფათო გზის გავლა.

სოფელ შრომაში სანიაღვრე და საფეხმავლო გზების მოწესრიგებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 978 562 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს "ტექნომშენ ჯგუფმა", ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. "კურიერმა" კომპანიას რეგისტრირებულ მისამართზე მიაკითხა, თუმცა ადგილზე მისულ ჟრნალისტს კომპანიის ნაცვლად საცხოვრებელი სახლი დახვდა.

ლაგოდეხში, პროექტის განხორციელებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გზების დეპარტამენტი უწევდა ზედამხედველობას. უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიას კანონით დაწესებული ჯარიმა დაეკისრა და ხელშეკრულება შეუწყდა, ახალი ტენდერი კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

დღის ამბები