19 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
"რამდენად გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს "ოცნება", დამოკიდებულია ივანიშვილის დირექტივაზე" - დეპუტატები უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევაზე

სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას, პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულოს და ამ ეტაპზე სრულად არ დააკომპლექტოს უზენაეს სასამართლოში არსებული ოცივე ვაკანტური ადგილი, დეპუტატები ეხმიანებიან.

ოპოზიცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულ იგნორირებაზე საუბრობს. მათივე მტკიცებით, თითოეული კანდიდატის შერჩევის საკითხს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო სწორედ ის, რომ ერთ პარლამენტს არ მოეხდინა სრულად უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება. რიგი რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური რეკომენდაცია და რამდენად გაითვალისწინებს ამას "ქართული ოცნება," დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის დირექტივაზე, რადგან როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ესეც არ მიიღება დამოუკიდებლად," - აღნიშნა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია საუკეთესოები შეარჩიონ, რაც შეეხება პროცესს, ის ნეგატიური ფონის მიუხედავად, გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

"რა თქმა უნდა, არავის თვითმიზანი არ არის, რომ ოცივე მოსამართლე იქნეს ერთბაშად არჩეული. მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანია, რომ ავირჩიოთ ამ ოცისგან შეძლებისდაგვარად საუკეთესო მოსამართლეები, რომელიც იმსახურებს მთლიანად ერის ნდობას და შესაბამისად, პარლამენტის წევრებიც დაუჭერენ მათ მხარს," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეობის კანდიდატების ნახევარს უკვე მოუსმინეს.

დღის ამბები