25 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
"გახმაურებული საქმეები, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკურ ზიანს მიაყენებს, არ დგება დღის წესრიგში" - ოპოზიცია მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ოპოზიცია ოფიციალურად კიდევ ერთხელ აყენებს. პარალელურად, მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გავა. ოპოზიცია ამბობს, რომ შვილმოკლულ მამას დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვინ მოუკლა შვილი და ამიტომაც ამ საქმის ობიექტური გამოძიებისთვის საჭიროა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება.

კომისიის შექმნის საკითხს ფრაქცია "ევროპული საქართველო" ემხრობა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ეს საკითხი ერთხელ უკვე დადგა კენჭისყრაზე, თუმცა მაშინ "ქართული ოცნების" წევრებმა კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივან თინა ბოკუჩავას თქმით, მხოლოდ 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიიღოს. ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ პარლამენტის როლი აღნიშნულ საკითხში მნიშვნელოვანია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ პარლამენტის წევრები მარიონეტების ფუნქციას ასრულებენ.

"წინა ჯერზე, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა აღნიშნული საკითხი პარლამენტში, "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო, მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს ამ მოთხოვნით. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ 50 დეპუტატის თანხმობაა აუცილებელი. გახმაურებული საქმეები, რომლებიც დიდ ზიანს მიაყენებენ ივანიშვილის რეჟიმს, პოლიტიკურად არ დგება დღის წესრიგში, არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ აღნიშნული საკითხები გამოიძიონ და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც წესი პარლამენტის წევრებიც მარიონეტების ფუნქციას ასრულებენ ხოლმე," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში პარლამენტი იძულებულია იმოქმედოს და სწორედ ამისთვის არის საპარლამენტო კომისიის მექანიზმი შექმნილი.

"ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში პარლამენტი ვალდებულია იმოქმედოს და სწორედ ამისთვის არსებობს კონსტიტუციაში საპარლამენტო კომისიის მექანიზმი, ამიტომ ამ კომისიის შექმნას ჩვენ მხარს დავუჭერთ და ვეცდებით, რომ უმრავლესობაშიც მოიძებნოს რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც ჩათვლის, რომ ხელისუფლების ინტერესი არა სიმართლის დამალვაში, არამედ პირიქით ოჯახისთვის, ჭირისუფლისთვის და საზოგადოებისთვის პასუხების გაცემაში," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტს გასულ კვირას მიმართა. იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

დღის ამბები