19 აპრილი 2024,   03:20
ვრცლად
"ორთაჭალის ციხესავით აუღებელი გახდა ჯანდაცვის სამინისტრო" - დევნილები ბინების გადაცემის სადავო საქმეზე კომისიის შექმნას მოითხოვენ

უკვე 29-ე დღეა, ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. დევნილების მოთხოვნას, რომ ისინი ბინებით დროულად დაკმაყოფილდნენ, კიდევ ერთი დაემატა, შეიქმნას ახალი კომისია, რომელიც ფართების განაწილების საკითხს ობიექტურად შეისწავლის.

აქციის მონაწილეები მოქმედი კომისიის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებენ და არ გამორიცხავენ, რომ დავა უკვე სასამართლოში გაგრძელდეს.

"ჩვენი მოთხოვნები არის ბინებით დაკმაყოფილება. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მოვითხოვთ წერილობით საბუთს, რომ არ გვეკუთვნის ან თუ გვეკუთვნის - როდის," - განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა თამარ დანელიამ.

აქციის მონაწილე თენგიზ ცინდელიანის თქმით,  ჯანდაცვის სამინისტრო ორთაჭალის ციხესავით აუღებელი გახდა. 

დევნილები შიმშილობის განახლებას აანონსებენ.

ცნობისთვის, უკვე 29-ე დღეა, იძულებით გადაადგილებულები ბინებს ითხოვენ და სამინისტროს შენობაში აქციას მართავენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამინისტროსთან კარავი გაშალა.

დღის ამბები