24 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
"სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონში" - გახარია-ფაშინიანის განცხადებები ერთობლივ ბრიფინგზე

გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას ფაშინიანმა ჯერ პირისპირ, შემდეგ გაფართოებულ ფორმატში უმასპინძლა. მხარეებმა ყურადღება ორმხრივ ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. განცხადებები, მხარეებმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. გიორგი გახარიას განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე:

"ჩვენ ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება თანამშრომლობის, გახლავთ ეკონომიკა. აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება. ვისაუბრეთ ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ნაწილშიც თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ჩვენ რა თქმა უნდა,  შევეხეთ რეგიონულ საკითხებს და შევთანხმდით, რომ სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონში იმისთვის, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა კეთილდღეობისთვის  მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს.

შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სომხეთის პრემიერის შეფასებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხურ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი ძალისხმევით დაცული იქნება დადებითი დინამიკა:

"ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა. მაღალი შეფასება მივეცით სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე ვადაში კომისიის მეათე სხდომის ოქმში დაფიქსირებული ყველა შეთანხმება შესრულდება.  დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღის ამბები