25 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
რა წერია გასაიდუმლოებულ წერილში - მთავრობა და "ანაკლიის კონსორციუმი" დოკუმენტის შინაარსის გასაჯაროებას ერთმანეთისაგან ითხოვენ

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების ვადა ამოეწურა. წერილის შინაარსი, რომელიც ერთადერთი დოკუმენტია, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სახელმწიფოს წარუდგინა, საზოგადოებისთვის ისევ უცნობია. მხარეები წერილის შინაარსის გასაჯაროებას ერთმანეთისგან ითხოვენ. გასაჯაროებამდე კი განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ და ერთმანეთს შინაარსის დამახინჯებაში ადანაშაულებენ. 

წერილის შინაარსი ერთადერთი საკითხი არ არის, რაზეც ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოზიციები განსხვავებულია. ვადის ამოწურვამდე 6 საათით ადრე, მაია ცქიტიშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იმ მომენტისთვის კონსორციუმს აღებული ვალდებულებები შესრულებული არ ჰქონდა.

15 ოქტომბერს, 18 საათამდე, კონსორციუმს სახელმწიფოსთვის უნდა წარედგინა 2 შეთანხება. ერთი ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის შესახებ და მეორე, წინასწარი შეთანხმება საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონიან სესხზე. ვადის ამოწურვამდე 3 საათით ადრე, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ დამატებით ფინანსურ დოკუმენტებს სახელმწიფოს აღარ წარუდგენდა.

მამუკა ხაზარაძის მოძრაობა ანაკლიის საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. "ლელოს" წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა.

ყაზახური "მერიდიან კაპიტალ ლიმითედი" და ჰოლანდიური "ვან ორდი" - ეს ის ორი საინვესტიციო კომპანიაა, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსორციუმმა წარუდგინა. მისაღებია თუ არა ინვესტორები სახელმწიფოსთვის - ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია ცქიტიშვილის უწყებამ 29 ოქტომბრამდე უნდა გაახმოვანოს.

დღის ამბები