23 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა

რუსთავში მომხდარ მკვლელობას ახალი ფიგურანტი ლევან ღონღაძე იგივე "ავღანიჩი" ჰყავს, რომელიც შესაძლოა მოწმის სახით დაიკითხოს.

საუბარია 36 წლის მამაკაცზე, რომელი 30-მდე ჭრილობით მოკლული იპოვეს. ამ საქმეში გარეულები არიან პოლიციის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტების დავალებას ასრულებდნენ. პოლიციისა და კრიმინალების ალიანსში შესაძლოა ბიზნესმენიც დაემატოს.

დავით მუმლაძის ოჯახი მკვლელობაში დამნაშავე პირების დაკავებას ელოდება, მანამდე კი სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს. მოკლულის დედა "კურიერთან" მხოლოდ იმას ამბობს, რომ საჯაროდ მისი შვილის საქმის დეტალებზე მხოლოდ ძიების დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

მოკლულის ოჯახი ვერსიებზე არ საუბრობს, თუმცა ბოლო 10 დღის განმავლობაში მკვლელობის საქმეში ახალ-ახალი ფიგურანტებიც ჩნდებიან, მათ შორის დავით მუმლაძის, იმავე ზურა დადეშელის მეგობარი ლევან ღონღაძე, რომელსაც ამ დროისთვის საკუთარი ბიზესი აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს და მოკლულ მუმლაძეს თანხასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. "კურიერის" ცნობით, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობის მცდელობისთვის და კომპიუტერში უკანონოდ შეღწევისთვის.

ბოლო გამოძიება, რაც მის წინააღმდეგ დაიწყო, ცემის ფაქტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ღონღაძეს კავშირები ჰქონდა იმ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებიც საქმეში მკვლელობის სავარაუდო შემკვეთებად სახელდებიან. სწორედ კრიმინალური გარჩევა და შურსძიებაა ერთ-ერთი მთავარი ვერსია, რაზეც გამოძიება მუშაობს.

ბრალდებების საპასუხოდ, ლევან ღონღაძე ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. ბიზნესმენი, რომელსაც მოკლულ მუმლაძესთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა, ყველა გავრცელებულ ინფორმაციას, მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირზე, კატეგორიულად უარყოფს. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, გამოძიებას კითხვები მასთანაც ჰქონდეს, ამ დრომდე სამართალდამცავებს ის მოწმის სტატუსითაც არ გამოუკითხავთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები