ნეშტები დნმ-ის ანალიზის მოლოდინში - ბათუმში გამოუვალი მდგომარეობაა, უკვე რამდენიმე თვეა დაუმარხავია 150 ნეშტი, რომელიც არქეოლოგიური გათხრებისას რუსი სამხედროების ყოფილ ბაზაზე აღმოაჩინეს.
დამარხვის პრობლემას კი, 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების აღმსარებლობა ქმნის. გასარკვევია, რომელი რელიგიური წესით დაიკრძალონ ისინი. დნმ-მა სწორედ მათი რელიგიური კუთვნილება უნდა დაადგინოს.
შთამომავლებისთვის წინაპრების ვინაობის გარკვევა სახელმწიფოს ძვირი უჯდება, ამიტომ თითქმის 100 წლის წინ დახვრეტილებს დღესაც ვერ კრძალავენ. ადამიანები, რომლებიც აჭარაში, ადგილობრივი ეპარქიის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ და მიცვალებულების საკუთარი წესის შესაბამისად დაკრძალვა მოითხოვეს, დღეს თავს მოტყუებულად გრძნობენ. რადგანაც არ სურდათ მუსლიმი თემის წარმომადგენლების სხვა რელიგიური სიმბოლიკის ქვეშ დაკრძალვა, ნეშტები მართლმადიდებლური ტაძრის სარდაფში დაასვენეს.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის პირველი ტალღით, ნაპოვნი ნეშტების დაკრძალვა გადაიდო, თუმცა გაურკვეველი ვადით. სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად, კონსენსუსამდე მაინც ვერ მივიდნენ.
პრობლემა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შემდეგ სახელმწიფომ გადაიბარა და სპეციალური კომისიაც შექმნეს. 7 თვის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. იდეა ბევრი აქვთ, მაგრამ კონკრეტული გეგმა არა. ისინი, ვინც ამ კომისიის მუშაობას აკვირდებიან, ფიქრობენ, რომ პროცესები ჩიხში შევიდა. მე-20 საუკუნის ბრძოლაგამოვლილი წინაპრების დასაკრძალად, შთამომავლები დღესაც იბრძვიან. თითქმის 100 წლიანი ძებნის შემდეგ ნეშტების კვალს მიაგნეს, მაგრამ საფლავები ჯერ ისევ არ აქვთ.