24 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე - სამართალდამცველებმა ლევან ძნელაძე დააკავეს

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა, ლევან ძნელაძე დააკავეს. საუბარია 30 სექტემბერს, ვაკეში მომხდარ სისხლიანი გარჩევაზე, რა დროსაც თავად ლევან ძნელაძეც დაიჭრა. ის ამ დრომდე, საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ძნელაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

"საქმეზე ჩატარებული ინტენსიური და კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს.  

თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ.-ს მიერ ლ.ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გ.ც.-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი."- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები