25 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
"კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმებიანო... ორმა დანა დაარტყა, ერთმა კი ჩაქუჩი" - გლდანში სისხლიანი გარჩევისას ორი ახალგაზრდა დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია ორი პირი. შემთხვევა გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა. მომხდარ დაპირისპირებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება, დაშავებულის დედის განცხადებით, ორი მეგობარი სტუმრობდნენ სხვა მეგობარს როცა მათთან უცნობი პირები მივიდნენ და მოუვიდათ შელაპარაკება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოფარეხის მფლობელს, რომელთანაც ახალგაზრდები სტუმრად იმყოფებოდნენ, ინციდენტზე დაკავებულ პირთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა.

"ჩემს შვილს უთქვამს არ გვინდა ეს დაძაბული ლაპარაკიო და შენ ვინ ხარ, რომ მელაპარაკებიო? ჩემმა ბიჭმა გაიღიმა და უთქვამთ, კაი ბიჭების ლაპარაკზე არ იღიმებიანო და ამ დროს ორმა დანით დაჭრა ერთმა ჩაქუჩი ჩაარტყა. ჩემს შვილს მიეხმარა მეგობარი და ამ დახმარების დროს ისიც დაჭრეს ორ ადგილზე,"- უყვება "კურიერს" დაჭრილი ახალგაზრდის დედა დალი ბაშარული.

დაჭრილი ახალგაზრდები თორნიკე პაპავა და გიორგი დოლაკაშვილი არიან. პაპავას მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა,​ დოლაკიშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"პაციენტი დაწესებულებაში შემოსულია მუცლის ღრუს და გულმკერდის მრავლობითი დაზიანებებით. ჩაუტარდა ყველა შესაბამისი პროცედურა. ამ დროისთვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ჯერჯერობით რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში ამბობენ მედიკოსები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი,გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

დღის ამბები