რუსთავში, სოციალურად დაუცველი 52 ოჯახი სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილდა. ახალი ბინების გასაღებები ბენეფიციარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა გადასცეს.
სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში, რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა შერჩევა კომისიამ მოახდინა, რუსთავის ხანგრძლივი რეგისტრაცია და საცხოვრებელი ფართის არქონა იყო.
კომისიაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მედიასაშუალებების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა, სპეციალურად მათთვის, მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული ფართით, რუსთავში პირველად ხდება. საცხოვრისის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 800 097 ლარია.