26 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დასრულდა

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა.

საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი  ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხის დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

მტკიცებულებების შეფასება "თიბისი ბანკის" საქმეზე:

"ახლახან გვთხოვეთ შეგვესწავლა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული სესხების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებები. აღნიშნული სესხები 2007-2008 წლებში გაცემულია სს "თიბისი ბანკი"-ს მიერ ავთანდილ წერეთლის საკუთრებაში არსებული  ორი ქართული კომპანიისთვის - შპს "სამგორი M"-ისა და შპს "სამგორი თრეიდისთვის".

ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. მტკიცებულებები ცხადყოფს მრავალ დარღვევას, მათ შორის იმ ფაქტს, რომ „თიბისი ბანკი“-სგან თანხების მიღების შემდეგ, შპს „სამგორი M“-მა და შპს „სამგორი თრეიდ“-მა აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს „თიბისი ბანკში“.

გამოძიების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ცალ-ცალკე განხილვით, შესაძლოა არ დადგინდეს 2007 და 2008 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებების არსებობა, მხოლოდ საბანკო სამართლის ტექნიკური დარღვევა. თუმცა, ფაქტები ცალკეულად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას.

როგორც ჩვენს სრულ ანგარიშში დეტალურადაა განხილული, რომელიც უფრო სიღრმისეულად აფასებს კანონს, ფაქტებსა და შესაბამის საკითხებს, რასაც ყურადღებას მიაქცევს და შეაფასებს სასამართლო, ჯგუფი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ამართლებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს, " - აღნიშნულია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებაში.

დღის ამბები