19 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
დევნილთა აქციის მონაწილეებიდან 3 ოჯახი საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია - მინისტრის მოადგილე

279 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინას წლის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა. დევნილების განაცხადების მიღება სამინისტრომ 15 ოქტომბრიდან  დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია განაცხადის შეტანა, ვინც დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

რაც შეეხება სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, წოწკოლაურის ინფორმაციით, აქციის მონაწილე 40 ოჯახიდან 3 ოჯახი ბინებით უკვე უზრუნველყოფილია, თუმცა პროტესტს მაინც აგრძელებენ.

"მინდა ყველა დევნილ ოჯახს მივმართო, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მათი განხილვა მოხდეს. დევნილთა ოჯახები, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას, მოცემულ მომენტში 3 ოჯახი არის დაკმაყოფილებული, 4 ოჯახთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, შესაბამისად, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, აბსოლუტურად ყველა ოჯახი მიიღებს ბინას თბილისში,“ - აღნიშნა წოწკოლაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხედავს თუ არა აქციების მონაწილეების მოთხოვნების უკან პოლიტიკურ სარჩულს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დღეს სახალხო დამცველს მიმართავენ და ომბუდსმენისგან მათი საქმის შესწავლას მოითხოვენ.

ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით დევნილების აქცია სამინისტროს შენობის წინ უკვე ერთი თვეა, გრძელდება.

დღის ამბები