24 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
პარლამენტი საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდება - ლავროვთან შეხვედრა ოპოზიციის მწვავე კითხვების მთავარი თემა იქნება

დღეს პარლამენტი საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდება. დავით ზალკალიანი დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.

შეხვედრა ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატთან ამერიკაში - ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მინისტრს ოპოზიციის მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

"ნაციონალურ მოძრაობას" საგარეო საქმეთა მინისტრისგან აინტერესებს, ლავროვთან გამართული შეხვედრა იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული. 

"მთავარი შეკითხვა შეეხება, რა თქმა უნდა, ლავროვთან მის შეხვედრას. პირველ რიგში მე მაინტერესებს, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მითითება ამ შეხვედრის მოთხოვნა, გვაინტერესებს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რატომ მისცა შესაძლებლობა რუსულ მხარეს გამოეყენებინა საკუთარი ინტერესებისთვის,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე გააკეთებს აქცენტს "ევროპული საქართველოც". 

"საკუთარ ტყუილებში აიხლართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯერ უარყოფდნენ, შემდეგ დაადასტურეს, რომ მათი ინიციატივით მოხდა ლავროვთან შეხვედრა. შეხვედრა არის პრობლემა, მაგრამ კითხვა არის, ხელს უშლის თუ ხელს უწყობს ჩვენი ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე," - აცხადებს გიორგი კანდელაკი. 

ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრასთან ერთად "ქართულ ოცნებას" საგარეო საქმეთა მინისტრისგან დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენებიც აინტერესებს. 

"უმრავლესობასაც, რა თქმა უნდა, ექნება შეკითხვები. ეს ეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, ასევე ლავროვთან მის შეხვედრას და მოლაპარაკებებს," - აღნიშნა გია ვოლსკიმ. 

ლავროვთან გამართული შეხვედრიდან 20 დღეზე მეტი გავიდა. ოპოზიცია 3 კვირის განმავლობაში უშედეგოდ იბარებდა მინისტრს საკომიტეტო მოსმენაზე. თუმცა მათი ეს მოთხოვნა არც მინისტრმა და არც უმრავლესობამ არ გაიზიარა და გადაწყდა, რომ ზალკალიანი კანონმდებლებს დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში შეხვდება. 

დღის ამბები