14 ნოემბერი 2019,   02:07
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე - ლევან ძნელაძეს აღმკვეთ ღონისძიებას სავარაუდოდ პალატაში შეუფარდებენ

ყიფშიძის სისხლიანი გარჩევის საქმეზე ბრალდებული ლევან ძნელაძის სასამართლო, სავარაუდოდ, საავადმყოფოს პალატაში გაიმართება. ის მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში აგრძელებს და ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

ძნელაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც კლინიკაში იმყოფება, განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გადაადგილება არ შეუძლია და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართება.

ადვოკატის განცხადებით, ლევან ძნელაძეს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ადვოკატი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში ბრალდების მხარეს არ ეთანხმება, რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, ბრალდებული ამ შემთხვევაში დუმილის უფლებას იყენებს.   

ლევან ძნელაძე, რომელიც საქმეში თავდაპირველად დაზარალებული იყო, რამდენიმე დღის წინ კი ბრალი 2 მუხლით წაუყენეს, ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. დღეს აღმკვეთის შეფარდების ვადა იწურება. სავარაუდოდ, მოსამართლე დღის მეორე ნახევარში საავადმყოფოში თავად მივა.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაიმართება ღუდუშაურის კლინიკაში, ვინაიდან, მას გადაადგილება უბრალოდ არ შეუძლია. მე გავეცანი საქმის მასალებს. ერთ-ერთ მუხლთან დაკავშირებით, რასაც სხეულზე განზრახ მძიმე დაზიანება ჰქვია, არის სრულიად უსაფუძვლო, ვინაიდან, ამ ადამიანს, დაზარალებულს კოჭი აქვს დაზიანებული და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ნიშნავს, რომ ეს არის სიცოცხლისთვის საშიში. ძნელაძეს რომ შემთხვევის დროს იარაღი ჰქონდა, ეს ჩანს ვიდეო-კამერის გადაღებულ მასალაშიც და ეს ჩანს მოწმეთა ჩვენებებში. თვითონ კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ვინმე დაეჭრას, რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, ის დუმილის უფლებას იყენებს,“ - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

 

დღის ამბები