14 ნოემბერი 2019,   02:13
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან გაქრა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა - ზალკალიანი პარლამენტში

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპოზიციის განცხადებებს, თითქოს საქართველო მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან გაქრა, საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებად აფასებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ქვეყანა ყველა არსებულ ფორმატს იყენებს, რათა საქართველომ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში აქტუალური ადგილი შეინარჩუნოს.

"უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ბუნებრივია, დიდი გავლენა აქვს საქართველოზე და სწორედ ამ ვითარებაში  საქართველომ მოახერხა სწორი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით და მსოფლიოში არსებული უამრავი ცხელი წერტილის მიუხედავად, საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგში კვლავ აქტუალურია და იკავებს მოწინავე პოზიციებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენ ოპონენტების მხრიდან გვესმის და ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ საწინააღმდეგოში, მსურს იცოდეთ, რომ მოვახერხეთ ყველა არსებული ფორმატისა და მექანიზმის მაქსიმალურად გამოყენება იმისთვის, რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების თუ თანამეგობრობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს შორის. ვიყენებთ ყველა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატს, იმისთვის, რომ მკაცრად იქნეს დაგმობილი რუსეთის ქმედებები და ამაზე მეტყველებს ის არაერთი მხარდამჭერი განცხადება და რეზოლუცია გასული წლის განმავლობაში იყო მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

პარლამენტში  დავით ზალკალიანს “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ. კითხვა-პასუხის რეჟიმი ჯერ არ დაწყებულა. ოპოზიცია საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიმართ მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება. 

დღის ამბები