23 აპრილი 2024,   16:22
ვრცლად
გლდანში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გლდანში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ახმეტელის თეატრთან მოხდა. არასრულწლოვანი გამვლელმა დაჭრა, რომელიც  არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

"ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, დანაშაულებრივი მოქმედების გაგრძელების საქმე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე - სასამართლომ სრულად გაიზიარა ყველა ამ საფრთხესთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. პოტენციური დაზარალებული არის არასრულწლოვანი, აქედან გამომდინარე მისი ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე გამოძიების დასრულებამდე თავს შეიკავებს კონკრეტულ მოტივზე და მტკიცებულებებზე საუბარს," - განაცხადა პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა.

დღის ამბები