23 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა, დავით გარეჯის თემა, ანაკლიის პროექტი - ოპოზიციის მწვავე კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსმენს.

ამ ეტაპზე სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ქვეყნის პირველ დიპლომატს საკმაოდ მწვავე კითხვებს უსვამენ.

კითხვების უმეტესობა ნიუ-იორკში ზალკალიან-ლავროვის შეხვედრას შეეხება. ოპოზიციონერები დაინტერესებული არიან, რა წინაპირობა უძღოდა წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.

"გადაწყვეტილებას როცა იღებდით, რომ ლავროვს უნდა შეხვედროდით, დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს, ესაუბრეთ, მისგან მიიღეთ მითითება რომ შეხვედროდით, გზავნილები დაამუშავეთ?! ძალიან საინტერესოა ეს ჩვენთვის, იმიტომ, რომ ივანიშვილის დაბარების საშუალება, სამწუხაროდ, არ გვაქვს," - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

კიდევ ერთი სენსიტიური თემა, რომელზეც დღეს დეპუტატები საუბრობენ, დავით გარეჯის საკითხს ეხება. კანონმდებლებს აინტერესებთ, რა ეტაპზეა ქართული მხარე ოფიციალურ ბაქოსთან მოლაპარაკებებში და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ თემასთან დაკავშირებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ის სტატუსკვო, რაც არსებობდა, მათ შორის, ნახსენებია 38 და 96 წლის ორმხრივი შეთანხმებები. სადაც ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერი არის საქართველოს ტერიტორიაზე, ამ კუთხით რა პროგრესი გვაქვს?" - დაინტერესედა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
ანაკლიის პორტის საკითხიც დეპუტატების ინტერესის ერთ-ერთი მთავარი  თემა იყო.

"ანაკლიის პროექტი, როგორ ფიქრობთ, ამ ხელისუფლების პირობებში განხორციელდება თუ არა?! თქვენი პასუხი როგორია ამ პერიოდში რაც ხდება ანაკლიასთან დაკავშირებით, როგორ აღიქვამენ ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ," - განაცხადა ფრაქცია  "ნაციონალიური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

თავის მხრივ, ზალკალიანის განმარტებით, ლავროვთან შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აუცილებელი, რის შესახებაც ინფორმირებულები იყვნენ საერთშორისო პარტნიორები და ვერ მიიღებს პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს გასაიდუმლოებული შეხვედრა იყო.

"არანაირ ფორმატის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. ჩვენი მთავარი ფორმატები, რაც არსებობს, უნდა იყოს შენარჩუნებული, რადგანაც სწორედ მათი თანდასწრებით ვესაუბრებით რუსეთის ფედერაციას მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების გამოყენებაზე. შეხვედრა იყო მაქსიმალურად გამოყენებული," - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება გარეჯის საკითხს, მისი თქმით, დარჩენილია ტერიტორიის მხოლოდ 30 პროცენტი, რომელიც აზერბაიჯანთან შესათანხმებელი რჩება.

"ჩატარდა პირველი შეხვედრა ბაქოში. შემდეგ მას მოჰყვა შეხვედრები ექსპერტების დონეზე, პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები ადგილზე სიტუაციის შესწავლის თვალსაზრისით. 67-68 პროცენტი საზღვრის არის შეთანხმებული. არის ღია საზღვრის დაახლოებით 30 პროცენტი და ვფიქრობ, რომ ამ საკითხში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,"- განაცხადა ზალკალიანმა დღეს პარლამენტში.

გარდა ამისა, უკრაინის ავტოკეფალია, ჟენევის მოლაპარაკებები და რუსეთთან არსებული მოლაპარაკებების ფორმატების ცვლილება ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებსაც ამ წუთებში დეპუტატები პარლამენტში სვამენ.

 

დღის ამბები