20 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
შატილის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შატილში სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი რამდენიმე საათის წინ, შატილის სკოლა-პანსიონში გაჩნდა. საგანმანათლებლო დაწესებულება ძირითადად ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და შენობა სრულად დაიწვა. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა.

"გაჩნდა ხანძარი და იქიდან გამომდინარე,რომ სკოლა პანსიონი არის ხისგან აშენებული და ახლად რეაბილიტირებულია ვერანაირად ვერ მოხდა ხანძრის ჩაქრობა.რამდენიმე წუთში მოხდა ცეცხლის ჩაქრობა ამ ეტაპზე ბავშვები საკუთარ სახლებში არიან,"-აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე.

ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 160 000 ლარს აღემატება.

დღის ამბები