11 დეკემბერი 2019,   21:27
ვრცლად
თურქეთი-სირიის საზღვარზე მე-9 დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს - ანკარა კონფლიქტის ზონაში დამატებით ძალებს გზავნის

მეცხრე დღეა თურქეთ-სირიის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ანკარა კონფლიქტის ზონაში დამატებით ძალებს გზავნის, აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის. სირია-თურქეთის საზღვარზე ამ დრომდე "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი - "კურიერის" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი ზურაბ მანაგაძე იმყოფებიან. 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 700-მდე ტერორისტი გაანეიტრალეს. არსებული ვითარების ფონზე დასავლეთში მკაცრი განცხადებები კეთდება. NATO და ევროკავშირი სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. ჩრდილოეთ სირიაში პოზიციებს იმყარებს ასადიც, რომელსაც მხარდაჭერას კრემლი უცხადებს.

სირიის სამთავრობო ჯარმა თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე სტრატეგიული ქალაქი კობანი დაიკავა. ასადის სამხედროებთან ერთად ქალაქში რუსეთის სამხედრო ძალებიც შევიდნენ. უფრო მეტიც, თურქეთ-სირიის საზღვარზე უკვე რუსეთის დროშა აფრიალდა.

თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიის პრეზიდენტმა ინტერვენცია უწოდა. სპეციალურ განცხადებაში ბაშარ ალ ასადმა განმარტა, რომ თავისი ქვეყნის დასაცავად ანკარის აგრესიას შესაბამისად უპასუხებს. თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი სირიის ტერიტორიის ოკუპაცია არაა.

გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია. ანგელა მერკელის თქმით, მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდა საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი ანკარას იარაღზე ემბარგოს დაუწესებს. მერკელის პოზიციას იზიარებს NATO-ს გენერალური მდივანიც.

ნუ იქნები ხისტი და სულელი - ეს ამონარიდია წერილიდან, რომელიც დონალდ ტრამპმა ერდოღანს მისწერა. წერილი თეთრი სახლის ლიდერმა 9 ოქტომბერს გააგზავნა, თუმცა საჯაროდ ახლა გავრცელდა. დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი ანკარას მოუწოდებს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს. მედია წერს, რომ ერდოღანმა ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა და სირიის ტერიტორიაზე მაინც შევიდა.

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქი ჯარისკაცები მეცხრე დღეა უკვე სამხედრო ოპერაციას ატარებენ, ანკარაში კი ამერიკული დელეგაცია მოლაპარაკებებს მართავს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამდენიმე საათია დახურულ კარს მიღმა თათბირობენ.

დღის ამბები