11 დეკემბერი 2019,   21:21
ვრცლად
2020 წლის ბიუჯეტი - ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა თუ ზრუნვა მოსახლეობის კეთილდღეობაზე 

არასამთავრობო სექტორი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის გულის მოგების მცდელობად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასები მატება კითხვებს უჩენთ. ისინი ხელისუფლებას ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მესამე სექტორის შენიშვნებს იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი პროექტს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზე არ არის ორიენტირებული. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯებიც იზრდება. მათ შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯი 91 მილიონი ლარით გაიზარდა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს კი კიდევ 111 ადამიანი დაემატება.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები მესამე სექტორის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ. პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პოლიტიკური ინტერესის გატარებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.

მესამე სექტორის კრიტიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასაც უკავშირდება. პროექტის მიხედვით, ამ პროგრამისთვის 754 მილიონი ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის ხარჯები კი აჩვენებს, რომ უწყებას დაახლოებით 40 მილიონი ლარის დამატება დასჭირდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებას საკუთარი არგუმენტით ხსნის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსების ეფექტური ხარჯვის აუცილებლობაზე საუბრობს

2020 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 14 მილიარდ ლარს აჭარბებს. გაზრდილია საპენსიო და სახელფასო ფონდები, საგარეო და შიდა ვალი. პროექტის შემაჯამებელი განხილვა საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის ფორმატში ხვალ გაიმართება და დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნდება. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები