20 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
რა მდგომარეობაშია თბილისის ზღვა და რა ელით ტაქსის მძღოლებს - დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება

რა მდგომარეობაშია თბილისის ზღვა და რა ელით ტაქსის მძღოლებს - ამ კითხვებზე პასუხების  დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. საკრებულოს ოპოზიცია ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც ბოლო პერიოდში დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს.

დეპუტატები დღესვე, რამდენიმე მოქალაქეს, რომლებიც წლებია მუნიციპალურ საცხოვრებელში შეჭრილები არიან, ქონებასაც დაუკანონებენ. სულ დღის წესრიგით დეპუტატებმა 68 საკითხი უნდა განიხილონ.

"ადამიანები, რომლებიც შეჭრილები არიან 10 და 15 წლის განმავლობაში მუნიციპალურ სახელმწიფო საკუთრებაში 1 ლარად, ფაქტობრივად უსასყიდლოდ ვაძლევთ სიმბოლურ თანხად აი ამ ქონებებს და ჩვენ ფაქტობრივად ამ ქონებებს სამოქალაქო ბრუნვაში ვაბრუნებთ. ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ ეს ქონება შემდეგ გაყიდონ, იპოთეკით დატვირთონ და ზოგადად გამოიყენონ, დღეს ამათ რისი საშუალებაც არა აქვთ. ასევე გვაქვს ურბანული საკითხები და სახელდების საკითხები," - აცხადებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევა ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოუწევთ პასუხი ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს გასცენ, როგორიცაა გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის პრობლემები და თბილისის ზღვის დაბინძურების საკითხი.

"დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას მოუწევს პასუხი ამ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. რა ხდება თბილისის ზღვასთან და წყალთან დაკავშირებით, ფეკალიები რომ ჩაედინება და რეაგირება არ აქვთ და მეორე, ხიზანიშვილის ქუჩასთან დაკავშირებით საბოლოოდ როდის ეღირსებათ გლდანელებს გზა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით ჟღენტი ტაქსების მძღოლების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ტაქსების საკითხზე თბილისის მერმა მესამე ეტაპი დააანონსოს.

"შესაბამისად მოვითხოვთ, დააანონსონ მესამე ეტაპი, ვინაიდან ტაქსის მძღოლები, რომელი ადამიანებიც იყვნენ თვით დასაქმებულები და თავიანთ ოჯახებს დოვლათს უქმნიდნენ, დღეს ვხედავთ, რომ გარკვეული ბარიერები ხვდებათ მათ მუშა პროცესში, შესაბამისად მათმა არ იციან თუ რა ელით კიდევ, ანუ რა ეტაპი ელით და მნიშვნელოვანი იქნება, რომ კახა კალაძემ თქვას მე-3 ეტაპი თუ რას აპირებს," - აცხადებს დავით ჟღენტი.

დღის ამბები