16 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
ოპოზიციამ საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხები დაუწუნა

სერგეი ლავროვთან შეხვედრა, დავით გარეჯი, ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მცხოვრები ადამიანის უფლებები - ამ და სხვა კითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში შვიდი საათის განმავლობაში პასუხობდა. ოპოზიციამ დავით ზალკალიანს პასუხები დაუწუნა. მათი თქმით მინისტრის მოსმენის შემდეგ დადასტურდა, რომ საგარეო მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არაერთი პრობლემა არსებობს.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ იმ სახელმწიფოებრივი ამოცანების განსახორციელებლად, რომლებიც ქვეყნისთვის მთავარი არის, საგარეო საქმეთა მინისტრს და ხელისუფლებას არანაირი სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია.

"ვერ მოვისმინე ვერანაირი პოლიტიკური ხედვა, როგორ აპირებენ, რომ შეაჩერონ რუსეთის მძლავრი ზეგავლენა ქვეყანაზე და მათ შორის ბორდერიზაციისა და უფლებების დარღვევის პროცესი, რომელიც მიდის ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, ზალკალიანმა ნატოში შესვლის საკითხს ბლოკავს. ელენე ხოშტარიას განცხადებით ზალკალიანმა ვერ უპასუხა კითხვას, სწორია თუ არა რუსეთის პროკურატურის ნდობა.

"ზალკალიანმა პრაქტიკულად არაფერი არ თქვა და რისთვისაც იყო მოსული, რომ განემარტა თუ რატომ გავიგეთ რუსებისგან პირველად ეს ინფორმაცია რომ ხდებოდა, რა მიზანს ემსახურებოდა რა შინაარსის იყო. იმას კი არ ამბობს, რომ დიახ ვისარგებლოთ ყველა მექანიზმით, შევიდეთ ნატოში. არა, ბლოკავს ამ პროცესს, ამაზე აარიდა თავი, მან აარიდა თავი კითხვას სწორია თუ არა რუსეთის პროკურატურის ნდობა, უბრალოდ აარიდა იმიტომ, რომ მან ვერ თქვა, რომ არა, რუსეთის პროკურატურას ვერ ენდობა," - აცხადებს ელენე ხოშტარია.

განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით ზალკალიანის განცხადებებს პოზიტიურს უწოდებს.

"ის საკითხები, რაზედაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა, კერძოდ თუნდაც ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, იმდენად პოზიტიურია და სტატისტიკურადაც იმდენად უფრო მძლავრია, ვიდრე ვთქვათ 2012 წლამდე იყო, რომ ამის გადაფარვის მცდელობა აშკარად იგრძნობოდა დარბაზში," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები