23 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
2020 წლის ბიუჯეტი გამოწვევებს ვერ პასუხობს - ოპოზიციის შეფასება

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დასკვნით ეტაპზეა. ამის შემდეგ 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ უჭერს. სხდომა პროტესტის ნიშნად დავით ჭიჭინაძემ დატოვა.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ახალი ბიუჯეტის მიხედვით შესაძლოა ლარი უფრო  გაუფასურდეს.

"ინფრასტრუქტურისთვის  გამოყოფილი თანხები ფაქტობრივად არასოდეს იხარჯება. სხვადასხვა სიპების და აიპების  დასაქმებულების რიცხოვნობის გაზრდა და მათთვის ხელფასების მატება, რა თქმა უნდა პრობლემაა, რადგან მერე მაინც ქვეყანას დააწვება ინფლაციის და ლარის გაუფასურების კუთხით," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი. 

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ახალი უწყებების შექმნას არ ემხრობა. რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული 2020 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

"ბიუროკრატებისთვის სახრავად გადაგდებული ბიუჯეტი არის ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის მთავარი წყარო. ეს ბიუჯეტი ნაცვლად იმისა, რომ ქამრები შემოიჭირონ. პირიქით. თვე არ გავა ახალი სახელმწიფო უწყება არ შეიქმნას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, მთავრობამ ბიუჯეტი არასწორად შეადგინა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავარი მიზანი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება უნდა იყოს. 

"ქვეყანაში მთავრი პრობლემებია სიღარიბე, უმუშევრობა და ფასების მატება და საერთოდ არ არის გაცნობიერებული, რომ ბიუჯეტში სხვაგვარად არის ხარჯები გასაწევი. კერძოდ შესამცირებელია ბიუროკრატიული ხარჯი,“ - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

დღის ამბები