19 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობა აქამდე არ დადგენილა

გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ავთენტურობა კვლავ აქტუალური თემაა. იმის გამო, რომ უმეტესობისთვის თადუმაძის პასუხები დამაჯერებელი არ არის, ოპოზიციამ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე დაიწყო საუბარი.

40 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა - შალვა თადუმაძის დიპლომით გამოძიება დაინტერესდეს. როგორც მესამე სექტორში ამბობენ, თუ დიპლომი ყალბია, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. არასამთავრობოები დოკუმენტის ნამდვილობის დადგენამდე პარლამენტს მოუწოდებენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე თადუმაძის კანდიდატურას კენჭი არ უყაროს.

მესამე სექტორის პოზიციას იზიარებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ომბუდსმენის აზრით, გენერალური პროკურორის განათლებასთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა არსებობდეს.

სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს თავად გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე. ის ამ თემაზე მედიასთან საუბრისას მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

როდის და რა ხარისხის განათლება მიიღო შალვა თადუმაძემ - ეს საკითხი 9 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების ფარგლებში, თადუმაძის მოსმენისას მთავარი თემა იყო. გენერალური პროკურორის დიპლომში წერია, რომ მან ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა სასწავლებელი მხოლოდ 1994-ში გაიხსნა. პარლამენტში გამოსვლისას თადუმაძემ ეს ფაქტი  ინსტიტუტის ექსტერნად დამთავრებით ახსნა. განმარტებები არადამაჯერებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის და საკითხის დაუყოვნებლივ გარკვევას ითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განათლებას პარლამენტში სპეციალური კომისია იკვლევს. შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად დეპუტატებმა განათლების სამინისტროს უკვე მიმართეს. პასუხი საკანონდებლო ორგანოში, ჯერჯერობით, არ მისულა.

თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ მის კოლეგებს.

დიპლომის ნამდვილობის დასადგენად პროცედურა მარტივია. მისმა მფლობელმა ან ნდობით აღჭურვილმა პირმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს უნდა მიმართოს და პასუხს მაქსიმუმ ორ კვირაში მიიღებს. თუ უწყება დოკუმენტის ნამდვილობას დაადასტურებს, ამ საკითხზე დისკუსია ამოიწურება.

ამავე თემაზე
დღის ამბები