24 აპრილი 2024,   02:41
ვრცლად
სადემარკაციო სამუშაოების განახლება სოფელ ატოცში - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან სოფელ ატოცში უკანონო სადემარკაციო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის   გაგრძელება რუსული პროვოკაციის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.

უწყების ინფორმაციით, სოფელ ატოცში უკანონო დემარკაციის სამუშაოების შესახებ ინფორმირებულია ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეობა. სამინისტროს განცხადებით, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას.

ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები