20 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
"ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს, ვაკონტროლებთ სრულად" - გომელაური ატოცში მიმდინარე ბორდერიზაციაზე

ატოცში ოკუპანტების მიერ უკანონო სადემარკაციო სამუშაოების გაგრძელებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურის თქმით, საქმის კურსშია ჩაყენებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გომელაურმა კატეგორიულად უარყო გუშინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სპეცსამსახურების ჯგუფები ოკუპირებულ ტერიტორიაზე სადაზვერვო სამუშაოების საწარმოებლად იყვნენ გადასულები:

"გუშინდელი განცხადებით ვნახეთ, რომ თითქოსდა ჩვენი სპეცსამსახურების დაზვერვითი ჯგუფები გადადიან იქ, ზვერავდნენ და რაღაცა აღკვეთეს, ეს, რა თქმა უნდა, აბსურდი იყო. არანაირი ჯგუფები იქ გადასვლას არ აპირებდნენ და არც ცდილობდნენ. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამაც ძალიან გააღიზიანა ისინი და ვიცით, რომ დაარღვიეს მათ პირიქით და გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს რამდენიმე დღის წინ. დღევანდელი ქმედება რაც არის, ცხაურების გაკვრა რკინის ბოძებზე, უსაფრთხოების სამსახურმა ჩააყენა ცხელი ხაზი საქმის კურსში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყველა უწყება და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ ისევ დაიწყეს ეს მათი ე.წ ბორდერიზაციის პროცესი," - აღნიშნა გომელაურმა.

შს მინისტრის თქმით, ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს და ესკალაციის საფრთხე არ არსებობს:

"ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად და ვაკონტროლებთ სრულად," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები