25 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული"- გახარია ატოცში შექმნილ ვითარებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გასვლითი ვიზიტით გორში იმყოფება, გორიდან რამდენიმე კილომეტრში, ატოცში, განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული:

"ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი და არის იმ "ბორდერიზაციის" პოლიტიკის გაგრძელება, რაც დაწყებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა წყნარად, მშვიდად განაგრძონ თავის მიწაზე ცხოვრება," - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შექმნაშია. ამასთან დაკავშირებით კი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ადამიანების საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ის დღეს შეხვდა, მათ შორის იყვნენ სამედიცინო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენლები:

"მინდა გთხოვოთ თქვენც, მეც ხომ აქ ვარ გორში, ძალიან ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ვსაუბრობთ სულ სხვა თემებზე, უნდა გვესმოდეს ერთი რამ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობაში. განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა,"- აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები