24 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
დამანგრეველი აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - მოსახლეობა და ოპოზიცია კანონის გამკაცრებას ითხოვს

გურამიშვილის 34 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რამდენიმე დღით საცხოვრებლად უვარგისია. ძლიერმა აფეთქებამ 16 სართულიანი შენობის მეოთხე სართულის ჩამოშალა გამოიწვია, ჩამონგრეულია საცხოვრებლის გარე ფასადიც, მიმდებარე კორპუსებში კი ჩამსხვრეულია მინები.

აფეთქების შედეგად ჩამოშლილმა მასამ ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილებიც დააზიანა.

დამანგრეველ აფეთქებას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულებიდან ყველაზე მძიმედ იმ ბინის მეპატრონეა, სადაც გაზი აფეთქდა. კლინიკაში მკურნალობას ამ დრომდე მხოლოდ 2 განაგრძობს. ამ ეტაპზე, არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

ბინა, სადაც პირველადი ინფორმაციით დიდი ოდენობით ბუნებრივი აირი აფეთქდა, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეამოწმეს, დარღვევა აღმოაჩინეს და კუსტარულად დამზადებული წყალგამაცხელებელი ჩახსნეს.

ოპოზიცია და მოსახლეობა კანონის გამკაცრებას ითხოვენ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი სადარბაზოებში ბუნებრივი აირის დეტექტორების დამონტაჟებას ითხოვს, მოსახლეობა კი მომხდარზე პასუხისმგებლობას როგორც კომპანიას, ასევე ხელისუფლებას აკისრებს.

ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, ამას გამოძიება დაადგენს. შს მინისტრმა საზოგადოებას დღეს ურჩია ექსპერტიზის და გამოძიების შედეგებს დაელოდონ, კომპანია კი პასუხისმგებლობას სრულიად იხსნის და თითს იმ პირისკენ იშვერს, ვინც იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა. საპირისპიროს ამბობენ დაზარალებულის ახლობლები და ადგილობრივები.

დაზარალებულები დღის ბოლოს სასტუმროში გადაიყვანეს. 77 ოჯახს უსაფრთხოების საკითხის შესწავლამდე ქირით ცხოვრება მოუწევს, რომლის საფასურს მუნიციპალიტეტი აანაზღაურებს. სასტუმროში დაბინავების შემდეგ დაზარალებულები დედაქალაქის მერმა მოინახულა.


გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს არის თუ არა კორპუსში ცხოვრება უსაფრთხო და შეძლებენ თუ არა დაზარალებული ოჯახები საკუთარ სახლში დაბრუნებას.

დღის ამბები