19 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
მედვედევის მუქარა NATO-ში გაწევრიანების მსურველ საქართველოს - რა რეაქციები მოჰყვა ოკუპანტი ქვეყნის პრემიერის გზავნილს თბილისში

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მორიგი მუქარა გააჟღერა. დმიტრი მედვედევის თქმით, მათ საზღვრებთან NATO-ს გაფართოებას კრემლის სამხედრო და პოლიტიკური პასუხი მოჰყვება. რუსეთის პრემიერის პრეტენზიები სამეზობლოს სცდება, რადგან სერბულ გამოცემასთან ინტერვიუში ის არც ბალკანეთის ქვეყნების NATO-ში ინტეგრაციით ჩანს კმაყოფილი. მოსკოვში თვლიან, რომ ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნების შემოერთება ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება და სახიფათოცაა.

რუსეთის სიდიდეზე და ბირთვულ იარაღზე მინიშნებით მუქარა თბილისში არ გაჰკვირვებიათ. ქართველმა კოლეგამ მედვედევს პასუხი დღეს გორიდან დაუბრუნა, ადგილიდან, რომლის ნაწილიც ჯერ კიდევ რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ რჩება.

გახარიას თქმით, მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სიახლეს არ წარმოადგენს, ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი კი არის ის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისკენაა მიმართული:

"ეს არ არის ახალი და ჩვენ მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას,  ეს პოზიცია გორის რაიონიდან განსაკუთრებით გასაგები და მისაღებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის, მაშინ, რაც ხდება ატოცში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედვედევის განცხადება პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასეს დეპუტატებმა, რომელთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის დაბრკოლებების შესაქმნელად. პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ მუქარამ ქვეყნის საგარეო კურსზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, გამოსავლის გზად მმართველ გუნდში საერთაშორისო პარტნიორებთან გააქტიურებულ ძალისხმევას, ოპოზიციაში კი ახალ მთავრობას მიიჩნევენ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია.

"ტიპიური განცხადებაა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან, მათ ძალიან აშინებთ NATO-ს გაფართოება იმიტომ, რომ NATO-ს ​ გაფართოების და საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო იქნება დაცული. პროპაგანდას აწარმოებენ საპირისპიროს და ამას იტაცებენ ჩვენთან პროპუტინური ძალები, რომ აი, შევეშვათ ნატოს, თორემ რუსეთი დაგვესხმევა თავზე. საქმე არის პირიქით, რუსეთი დღეს გვესხმის თავს, დღევანდელი მოვლენებიც არის ამის საბუთი, 2008 წელიც და მთელი ჩვენი ისტორიაც. NATO-ში გაწევრიანება გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ ამის შემდეგ მათ თავდასხმა ვეღარ შეეძლებათ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ევროინტეგრაციის გზა ისეთი მეზობლის პირობებში, როგორიც რუსეთია, ადვილი არ იქნება.

"ბუნებრივია, ეს არ არის ია-ვარდით მოფენილი გზა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის რთული გზა და საქმე გვაქვს ისეთ ვერაგ და ბოროტ სახელმწიფოსთან, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც უნდა თავისი იმპერიის აღდგენა. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი თავისუფლების დაცვა, ეს არის გზა, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, გავწევრიანდეთ NATO-ში და ევროკავშირში, თუ ჩვენ გვინდა, რომ დათვს ბაბაია დავუძახოთ და გალიაში ვიყოთ ჩაკეტილი და როგორც ცხოველებს საჭმელს გვაწვდიდნენ, მაშინ უნდა დავყაბულდეთ ამას, ადვილი გზა ჩვენთვის რუსეთის მეზობლობის პირობებში არ იქნება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქართველებმა არჩევანი," - განაცხადა ბარამიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის  გიორგი ვოლსკის თქმით, საქართველოს საგარეო კურსი ემყარება სტაბილურობის და განვითარების პრინციპს და არ არის ვინმესთან სამხედრო დაპირისპირებისკენ მიმართული:

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საგარეო კურსი უნდა შევცვალოთ, ვინაიდან ამ საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ემყარება იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება. ეს ორი დიდი ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებული, რა თქმა უნდა, თავის პოზიციებს არ დათმობს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოზიცია ამორჩეული, ჩვენ მომხრე ვართ მოლაპარაკების, მშვიდობის და არანაირად არავისთან დაპირისპირება არ გვსურს, მით უმეტეს, სამხედრო და მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან,"- განაცხადა ვოლსკიმ.

საექსპერტო წრეებში კი მედვედევის ადრესატად საქართველოზე მეტად NATO-ს წევრ სახელმწიფოებს თვლიან. ანალიტიკოსები იმასაც იხსენებენ, რომ თავის დროზე მსგავსი მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ესმოდათ, თუმცა, რუსეთის მეზობლობის მიუხედავად, ისინი NATO-ს წევრები მაინც გახდნენ. ექსპერტთა ნაწილისთვის მედვედევის გზავნილი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ალიანსმა საქართველოს ინტეგრაცია უნდა დააჩქაროს.

რუსეთის წინააღმდეგობისა და სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის მთავარი გზავნილი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. თუ რა დამატებითი გზავნილები ექნება მოსკოვის მისამართით ალიანსს, ამის შესახებ ლონდონში, NATO-ს ლიდერთა შეხვედრაზე, დეკემბერში გახდება ცნობილი.

დღის ამბები