საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს.
როგორც პატრიარქის წერილშია აღნიშნული, ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რომელიც დღეს ამერიკაში ფუნქციონირებს, მიუთითებს იმაზე, რომ ემიგრანტები მშობლიურ ღირებულებებს ინარჩუნებენ.
გარდა ამისა, ილია მეორე ამერიკის მთავრობას აშშ-ში მცხოვრები ქართველების თანადგომისთვის მადლობას უხდის.
"გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.
პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მეუფე საბა (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და, საერთოდ ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშაკა ღვთისა და მოყვასის სამსახურად.
მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ," - აღნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქი ამერკაში მცხოვრები ემიგრანტებისათვის მიწერილ წერილში.
იქვე პატრიარქი ემიგრანტებს მოუწოდებს განსაცდელს არ შეუშინდნენ.
"დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას. არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხარ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი,“ - აღნიშნულია პატრიარქის წერილში.