20 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი მოქალაქე საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი

უკვე მეორე დღეა 200-ზე მეტი მოქალაქე საკუთარი საცხოვრებელი სახლების გარეშეა დარჩენილი. გურამიშვილის გამზირზე აფეთქებულ კორპუსში დღეს მხოლოდ მათი ნაწილი, ისიც პირადი ნივთების წამოსაღებად შეუშვეს.

სპეციალისტები ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ იმ ბინებში შესვლას, სადაც აფეთქება მოხდა. ჯერ საფრთხეები სპეციალურმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება, მანამდე ცნობილია მხოლოდ ის, რომ შენობა რეაბილიტაციას დაექვემდებარება და გამაგრებას გაუძლებს.

მეხანძრე-მაშველების თანხლებით, სპეციალური აღჭურვილობით და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, პირველადი მოხმარების ნივთების გამოტანა ამ დროისთვის 50-ზე მეტმა ოჯახმა მოახერხა.

უკვე დაიწყო ტერიტორიის სამშენებლო ნაშალისგან გაწმენდა, ერთ კვირაში გახდება ცნობილი საექსპერტო დასკვნა, რომელის მიხედვითაც კორპუსის გამაგრებითი და საერეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე აღნიშნავს, რომ ექსპერტების რეკომენდაციებს ემორჩილებიან და მოსახლეობას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს ის კორპუსებიც, რომლებიც ძლიერმა აფეთქებამ დააზიანა, მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის არცერთ საცხოვრებელ სახლს არ აქვს ფანჯარა, დაზიანებულია აივნებიც. მოსახლეობა შიშობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა კორპუსი საფრთხის შემცველი გახდეს.

ვიდრე 77 ოჯახი საკუთარ საცხოვრებელ ბინებს უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდება, 10 დღის განმავლობაში, მერიის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში იცხოვრებენ.

გურამიშვილის ქუჩაზე ძლიერი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაშავდა. ბინის მეპატრონე, სადაც ბუნებრივი აირის აფეთქდა, ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. სამართალდამცავებმა კორპუსის მაცხოვრებლების გამოკითხვაც დაიწყეს.

დღის ამბები