19 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
დავით ნარმანია სემეკ-ს უხელმძღვანელებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას დავით ნარმანია უხელმძვანელებს. გადაწყვეტილება ოთხკაციანმა კომისიამ ერთხმად მიიღო. დავით ნარმანია ოფიციალურად საქმიანობას  ხვალიდან შეუდგება, მას შემდეგ, რაც ახალ თავმჯდომარეს სემეკის სხდომაზე დაამტკიცებენ. 

“არჩეული იქნა ბატონი ნარმანია კომისიის თავმჯდომარედ, თუმცა მისი უფლებამოსილება შევა ხვალიდან ძალაში, რადგან არჩევნების შედეგი უნდა იქნეს კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული და ხვალ სწორედ ამ სხდომაზე მოხდება კომისიის მიერ ამ შედეგების დამტკიცება თავის გადაწყვეტილებით“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.

დავით ნარმანია იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლის შედეგი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. 

“ენერგეტიკული მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ვალდებულება აღებული ევროკავშირის წინაშე, რათა ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოხდეს, მისი გარდაქმნა მოხდეს, ბაზრის გახსნა მოხდეს მაქსიმალურად, აქედან გამომდინარე, ჩვენ არა ერთი რეგულაცია გვექნება მისაღები, რომელიც სისტემას გადააწყობს, ახლებურად მოაწყობს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა აისახოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, იმ აბონენტებზე, რომლებიც ჩვენგან ელოდებიან მნიშვნელოვან სიკეთეებს,“ - აცხადებს დავით ნარმანია. 

შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევა ერთხელ უკვე სცადეს. მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა.

პროცესი მას შემდეგ შევიდა ჩიხში, რაც "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მმართველ გუნდს შეახსენა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სემეკის თავმჯდომარის წარდგენის უფლება არ აქვს. 

სემეკის თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელი გახდა კანონში ცვლილებების შეტანა.

დღის ამბები