24 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ირგვლივ მიმდინარე პროცესები - პოლიტიკოსების შეფასებები აქიმიძე-დვალის სარჩელზე 

"რუსთავი 2-ის" ირგვლივ მიმდინარე პროცესები და აქიმიძე-დვალის ახალი სარჩელი პოლიტიკოსების შეფასების თემა გახდა. კომენტარები ცოტა ხნის წინ პარლამენტშიც გაკეთდა. 

"რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო საქმე სასამართლომდე უფრო ადრეც მისულიყო და პროკურატურას საქმის ძიება უფრო ადრე დაეწყო. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, რომელიღაც მხარე აქიმიძე-დვალის მიმართებით შეთანხმებას არ ასრულებს და სასამართლო პროცესი მათ ამ მიზეზით დაიწყეს.

"პროკურატურას თავის დროზე არა მარტო ვთქვათ ხალვაშთან მიმართებაში უნდა დაეწყო საქმის და პროცესის ძიება და სასამართლოში ასე კი არ უნდა წასულიყო, არამედ შესაძლებელია უფრო ადრინდელი პერიოდიდან დაწყებულიყო, როდესაც აქიმიძე და დვალი ამბობდნენ, რომ მათ აიძულეს ამ წილების დათმობა, შესაძლებელია გარკვეულ საფასურად, მაგრამ მაინც არ უნდოდა და საკუთარი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. შეთანხმებას, როგორც ჩანს, არ ასრულებს რომელიღაცა მხარე მათთან მიმართებაში, ამიტომ დაიწყეს სასამართლო პროცესი," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობას "რუსთავი 2" 28 მილიონის ოდენობის საბიუჯეტო ვალის მეშვეობით ჰყავს გამოჭერილი. რომან გოცირიძე ამბობს, რომ დვალის და აქიმიძის ბედი სასამართლოში არ წყდება.

"რუსთავი 2" გამოჭერილი ჰყავს მთავრობას „ქართულ ოცნებას“ იმ საბიუჯეტო ვალით, რომელიც მას გააჩნია. 28 მილიონი ძალიან დიდი ვალია და შეგნებულად ალბათ ამ ვალის წარმოქმნას უწყობდნენ ხელს იმის გამო, რაც "რუსთავში" მოხდა, ყადაღის გამო,  "რუსთავის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. დვალსა და აქიმიძეს ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს და უნდა იცოდნენ, რომ სასამართლოში არ წყდება მათი ბედი," - აცხადებს რომან გოცირიძე.

"ყველას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, ვინც თვლის, რომ დაირღვა მათი უფლებები," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი არის ის, რომ მედიის თავისუფლება დაცული იყოს. 

"ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ მიმართოს სასამართლოს ვინც თვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლებასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში რასაც მე თვალ-ყურს ვადევნებ, სასამართლომ გამოიყენა ის საერთო მიღებული პრაქტიკა, რაც აქამდე არსებობდა, ამიტომ თავისთავად ცხადია ჩვენ უნდა დავაკვირდეთ შემდგომ სასამართლო პროცესებს, განხილვებს. მთავარი ჩემთვის პირადად, როგორც პოლიტიკოსისთვის მთავარია, რომ მედიის თავისუფლება იყოს დაცული," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის წევრის ლევან კობერიძეს განცხადებით, მისთვის სამართლიანობა "რუსთავი 2-თან" მიმართებაში მთავრდება იქ, სადაც დღეს ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან.

დღის ამბები