20 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
დარჩელში ბაბუას მიერ შვილიშვილის დაჭრას რძალი შეესწრო - რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

დარჩელში ბაბუას მიერ შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც "კურიერთან" ოჯახის ნათესავი ლალი არქანია ამბობს, მომხდარს დაჭრილის მეუღლე შეესწრო. მისივე თქმით, კონფლიქტი ოჯახური იყო.

მეზობლების განცხადებით, შემთხვევის შესახებ  ხმაურის შემდეგ გაიგეს. გამოძახებულ პატრულს ბაბუა სახლში დახვდა. მამაკაცი 83 წლისაა.

ბაბუამ შვილიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში დაჭრა. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუწიეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით, 80 წელს გადაცილებული მოხუცი დააკავეს. როგორც "კურიერს" უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები