19 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილი გამოძიების პარალელურად მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის ოფისს გადასცა

დაიკითხება თუ არა პრემიერ-მინისტრი მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის საქმეზე - პროკურატურა გარემოებების შესწავლას იწყებს და არ გამორიცხავენ, რომ შემხებლობაში მყოფი პირებით დაინტერესდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება საგამოძიებო უწყებას დედანსა და საქმის მტკიცებულებებზე. პარალელურად, მამუკა ხაზარაძემ წერილი და ბრიტანეთიდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნა ჩააბარა სახალხო დამცველს, რათა დაიწყოს მონიტორინგი და დაცული იყოს მტკიცებულებები განადგურებისგან. 

ადვოკატი, ზვიად კორძაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქმე სახალხო დამცველის მონიტორინგის ქვეშ წარიმართება.   

"ჩვენ ჩავაბარეთ სახალხო დამცველს ყველა იმ მასალის ასლი, რომელიც წარდგენილი იქნა პროკურატურაში. ამის მიზეზი არის მარტივი, ჩვენ არანაირი პროცესუალური პოზიცია ამ წუთში არ გაგვაჩნია და შესაბამისად, ვერანაირ თვალყურს ვერ მივადევნებთ როგორ მიდის აღნიშნულ საკითხზე გამოძიება, ამიტომ ამის მონიტორინგი ვთხოვეთ სახალხო დამცველს, რომელსაც წარვუდგინეთ ყველა მასალა, მათ შორის დისკი, წერილის ასლი, მათ შორის ექსპერტიზის ასლი და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქმე წარიმართება მათი მონიტორინგის ქვეშ," - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

თავად სახალხო დამცველის განცხადებით, მას მტკიცებულებების უსაფრთხოების დასაცავად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. თუმცა ნინო ლომჯარიას თქმით, ის ყველა იმ საბუთს გაეცნობა, რომელიც მის აპარატში მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა შეიტანეს.

“სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არანაირი ბერკეტი არ აქვს, დაიცვას ან რაიმე ტიპის მტკიცებულება ან უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. თუ ძალიან აშკარად შეიცვალა რაღაც მოცემულობა პროკურატურაში იგივე ამ მტკიცებულებებთან მიმართებით, შესაძლებელია ეს მასალა გამოვიყენოთ როგორც ერთგვარი მტკიცებულება,“ - განმარტა ლომჯარიამ.

დღის ამბები