12 ნოემბერი 2019,   19:34
ვრცლად
მოზარდს, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა

მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც ფოთი-თბილისის მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. 12 წლის ბიჭი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 

ექიმის თქმით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს. 

"ამ ეტაპზე მდგომარეობა უცვლელია, არის მძიმე, არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კომა შეფასდა 4 ქულით, რის გამოც არის გადაყვანილი ვენტილაციაზე. კომპიუტერული კვლევით, მას, ამ ეტაპზე, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. მოგვიანებით გაკეთდება საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლითაც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია,"- განაცხადა ექიმმა. 

შემთხვევა, დაახლოებით, 14:25 წუთზე, მეტროსადგურ "გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, 12 წლის ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც ფოთი-თბილისის მატარებლის მოახლოება ვერ გაიგო. 

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს. მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები