არასამთავრობო ორგანიზაციები უვადო მოსამართლეობის მსურველ გიორგი მიქაუტაძეს, კლანის მიერ მართულ ფიგურად ასახელებენ. მურუსიძე–ჩინძალაძის გავლენები, დაბალი კომპეტენცია და კვალიფიკაცია - სწორედ ამ მიზეზებს ასახელებს მესამე სექტორი და მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ უნდა გახდეს.
"თან იყო კონკურსის ჩამტარებელი თან იყო კონკურსანტი, გამოირჩევა გამოცდილების ნაკლებობით და უამრავი კითხვის ნიშნით, რომელიც ამ პროცესში მოიტანა გიორგი მიქაუტაძემ, ის ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს ფინალისტობის კრიტერიუმებს, რომ არა ის მფარველობა, რომელიც აქვს კლანიდან," - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
"მიქაუტაძე არის კლანის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიქაუტაძე არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მაღალ სტანდარტებს. კლანი უნდა წავიდეს, რათა მივიღოთ მაღალი დონის მართლმსაჯულება,"- აღნიშნავს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.
პარლამენტი დღეს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენს.