25 აპრილი 2024,   02:57
ვრცლად
"აბრეშუმის გზის" ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა - ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს

აბრეშუმის გზის ფორუმი ოფიციალურად დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში იხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი მიიღებს. მიზანი საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა. ფორუმს ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის.

ფორუმი ამ წუთებში იხსნება. მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიმართოს, თუმცა ის არ იქნება ერთადერთი მინისტრთა კაბინეტიდან, რომელიც ფორუმს დაესწრება. ნათია თურნავა და მაია ცქიტიშვილი ცოტა ხნის წინ ოპერის თეატრში შევიდნენ. "კურიერმა" სცადა მათთან გასაუბრება, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, მათი თქმით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის წევრები, 40 კომპანია კერძო სექტორიდან. ერთობლივი ძალებით დაგეგმავენ სტრატეგიულ პროექტებს იმისათვის, რომ გავიდნენ ბაზრებზე, რისი მიღწევაც ინდივიდუალურ რეჟიმში შესაძლოა რთული ყოფილიყო.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი ლორენს მერედიტი აღნიშნავს, ფორუმის დღის წესრიგით გაწერილი საკითხები, მათ შორის საინვესტიციო შესაძლებლობებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ლორენს მერედიტი განსაკუთრებულ ინტერესს ციფრული და შემოქმედებითი ინდუსტრიის მიმართ გამოთქვამს, რომელიც, მისი თქმით, თბილისში ძალიან ძლიერია.

"ასევე მნიშვნელოვანია სხვა პროექტების ტრანსპორტისა და ენერგიის შესახებ. ველი საინტერესო დისკუსიებს ინვესტორებთან ერთად. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ვთანხმდებით მის მნიშვნელობაზე, მსგავს პროექტებზე ინვესტირება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია," - აცხადებს ლორენს მერედიტი.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის თქმით, "აბრეშუმის გზის" ფორუმის პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ფორუმში მონაწილე ქვეყნებიდან წარმოდგენილ იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორი.

"ეს ადგილობრივი ბიზნეს სექტორისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა  კარგი ურთიერთობისთვის. განხილული იქნება ყველა ის პროექტი, რომელიც საქართველოსთვის არის პრიორიტეტული," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები