25 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
ანაკლიის კონსორციუმმა და "ანაკლია სითიმ" შვეიცარიულ კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმეს

ანაკლიის კონსორციუმი პორტის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას გეგმავს. ამ მიზნით ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და "ანაკლია სითიმ" შვეიცარიულ სატრანსპორტო კომპანია "ქუნნ ნაგელთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ხელშეკრულების მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მეშვეობით ბიზნეს აქტივობის ზრდა რეგიონში.

"ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, აღნიშნული ლოგისტიკური კომპანიის დაფუძნება საქართველოში ახალი ტვირთების შემოდინებას და ახალი სერვისების განვითარებას ნიშნავს.

"ეს არის წამყვანი ლოგისტიკური კომპანია, ეს არის ახალი სერვისების განვითარება, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი.

შვეიცარიული კომპანია ლოჯისტიკის სფეროში მუშაობს და როგორც ანაკლიის კონსორციუმი აცხადებს, შეთანხმება პორტის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას ხელს შეუწყობს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის თქმით,  "ქუნნ ნაგელის" ჩვენთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. 

"ისინი ხედავენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას საქართველოში, ეს მისცემს შესაძლებლობას მათ მომხმარებელს ჰქონდეს დივერსიფიცირებული ოფციები თუ როგორ მიაწოდონ ტვირთები მომხმარებლებს," - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

კომპანია "ქუნნ ნაგელის" გენერალური დირექტორის თქმით, ანაკლიის პორტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც ფართო შესაძლებლობებს მისცემს და საქართველოსთვის პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

"ანაკლია არის ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტზე მუშაობა წინ წავა და ეს სამუშაოები მხარდაჭერილი იქნება. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის," - განაცხადა პერი ნიუმანმა.

დღის ამბები