20 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო გარემო  - უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, სამუშაოს შესრულებისას 71 ადამიანი დაშავდა და 25 გარდაიცვალა. ამავდროულად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, მძიმე სტატისტიკის პარალელურად, ხშირ შემთხვევაში საქმეები გამოუძიებელია, დამნაშავეები არ ვლინდებიან და შესაბამისად, არც ისჯებიან.

უფრო ზუსტად, მონიტორინგმა აჩვენა, რომ მხოლოდ 2018 წელს გამოძიება 224 შემთხვევაზე დაიწყო, საიდანაც სასამართლო პროცესი მხოლოდ 35 საქმეზე წარიმართა. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას - თავისუფლების აღკვეთას, მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაზე განისაზღვრა.

როგორც "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და დაცვის ცენტრში" ამბობენ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, უმეტეს შემთხვევაში, არასრულყოფილია, რის გამოც რეალური დამნაშავე ყოველთვის დაუსჯელი რჩება. ექსპერტები ახლადამოქმედებული რეგულაციების შეცვლას მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ სისტემა ვერ მუშაობს. 

მაგალითისთვის, სამუშაოების წარმოებისას დაღუპულის შვილი ილია ჩაჩავა ყურადღებას საგამოძიებო უწყებებისგან ითხოვს. 2 თვის წინ წყალმომარაგების სამუშაოების წარმოებისას გარდაცვლილი მამის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მათ არ აქვთ. 

ილია ჩაჩავას გამოძიების გაჭიანურების მიზეზად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას უსახელებენ. უწყებაში უკვე ორი თვეა ოფიციალურად დამტკიცებულ სამედიცინო საბუთს ელოდებიან, რომელშიც გარდაცვალების რეალური მიზეზი აისახება. ილია ჩაჩავას თქმით, დამნაშავის დასასჯელად ბრძოლას მხოლოდ იმიტომ აგრძელებს, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მუშაობენ, უსაფრთხო პირობები შეიქმნას. 

ილია ჩაჩავას მსგავსად, გამოძიების დასრულებას ელოდება მშენებლობაზე დაღუპული ვეფხია ხუჭუას მეუღლე ნინო მჭედლიძეც. მჭედლიძის თქმით, მისი მეუღლე შვიდი თვის წინ გარდაიცვალა, თუმცა საგამოძიებო უწყებას მუშაობა ამ დრომდე არ დაუსრულებია. პასუხი კითხვაზე - რა ეტაპზეა გამოძიება - ამ შემთხვევაშიც ანალოგიურია: უწყებაში ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი არ იციან,  გამოძიება უმეტეს შემთხვევაში ჩიხში რატომ შედის და რატომ ვერ ავლენენ დამნაშავე პირებს.

"ამ მომენტში მოკლებული ვართ შესაძლებლობას საზოგადოებას სრული სურათი გავაცნოთ, თუმცა, როგორც კი დავასრულებთ აღნიშნული მიმართულებით მუშაობას, საზოგადოებას იმ გამოწვევას და პრობლემებს, რომელიც არსებობს, აუცილებლად გავაცნობთ", - აცხადებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი გოგა რაზმაძე.

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი სრულად სექტემბრიდან ამოქმედდა. ინსპექტორებს ახლა უკვე ნებისმიერ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში გაუფრთხილებლად შესვლა შეუძლიათ. პროფკავშირებში ამბობენ, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, სახელმწიფო ეფექტური კონტროლსა და აღსრულებას ვერ ახერხებს. ახალი რეგულაციები წლობით დაგროვებულ პრობლემას რომ ვერ აგვარებს, ამაზე მესამე სექტორიც თანხმდება.

უზრუნველყოფს თუ არა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის შემსრულებელი ადამიანის უსაფრთხოებას ახლადამოქმედებული რეგულაციები, ამას მომავალი წლის სტატისტიკა გვიჩვენებს. ამ ეტაპზე კი შრომითი უსაფრთხოება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც წლებია მოუგვარებელი რჩება.

დღის ამბები