25 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
ყოფილი პროკურორის პროტესტი გენერალურ პროკურატურას - სალომე ადეიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

ყოფილი პროკურორი, რომელიც სისტემას ამხელს, გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. სალომე ადეიშვილის წერილი დღეს ისევ მთავარი თემაა. ნეპოტიზმი, კორუფცია, მიუღებელი დავალებები და გენდერული შევიწროება პროკურატურაში. ადეიშვილი უწყების ერთადერთი ყოფილი თანამშრომელია, ვინც სისტემაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს.

მოითხოვს თუ არა სალომე ადეიშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს და ამხელს თუ არა სისტემას კიდევ ერთი პროკურორი ქალი, ეს ჯერჯერობით უცნობი რჩება. ადეიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ვიზა კოლეგასთან ერთად მოითხოვა.

დეტალები "კურიერმა" თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილისგან გაარკვია, რომელიც სალომე ადეიშვილის ერთ-ერთი რეკომენდატორი იყო. გიორგი გაბოძე "კურიერს" უყვება, რომ მისთვის უცნობია ის კონკრეტული შემთხვევები, რომლებზეც პროკურატურიდან წასული თანამშრომელი თავის სტატუსში წერს, თუმცა სისტემაში არსებულ პრობლემებს ადასტურებს.

ის, რომ შვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა, დედამ მას შემდეგ გაიგო, რაც სალომე ადეიშვილმა ქვეყანა დატოვა. ლალი თადუმაძე ამბობს, რომ მისი შვილი ამ ეტაპზე სხვა რაიმე სახის განმარტებების გაკეთებას მომხდარზე არ აპირებს.

სალომე ადეიშვილმა ჯერ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა დატოვა, შემდეგ ქვეყანა და სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

ყოფილი პროკურორი ქალი გენდერულ შევიწროებაზე, ნეპოტიზმზე, კორუფციასა და მიუღებელ დავალებებზე საუბრობს.

 






დღის ამბები