20 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ცხინვალის იზოლატორშია გადაღებული

წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ცხინვალის იზოლატორშია გადაღებული - სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ სცემენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაკავებულებს.

ეს ის განყოფილებაა, რომელშიც რუს სამხედროებს საოკუპაციო ზოლთან უკანონოდ დაკავებული ქართველები მიჰყავთ და რამდენიმე დღის განმავლობაში, ზოგჯერ თვეობით ტოვებენ. წინასწარი დაკავების იზოლატორი ჩაკეტილია საერთაშორისო მისიებისთვისაც. დამკვირვებლები ვითარებას ვერ აკონტროლებენ.

გივი ტატუნაშვილის მამისთვის ვიდეომასალაში აღბეჭდილი ფაქტები კარგად ნაცნობია, მის შვილს, არჩილ ტატუნაშვილს, ჯერ სცემეს, მერე კი წამებით მოკლეს, ოღონდ სხვა - ე.წ. კაგებეს იზოლატორში. გივი ტატუნაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულების წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა რუსეთის მიერაა წახალისებული.

ის თუ როგორ ექცევა საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულებს, საკუთარ თავზე გამოსცადა მაია ოთინაშვილმა. რუსმა ძალოვნებმა ის ჯერ მავთულხლართებზე გადაათრიეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა ე.წ. იზოლატორში გააგრძელეს. ცხინვალის ციხეზე კი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ერთადერთი ქალბატონი ამბობს, რომ საქართველოს დაკავებული მოქალაქეების დასანახად არავის ურტყამდნენ, თუმცა პატიმრების ყვირილის ხმა ხშირად ესმოდა.

ადამიანების ცემა, წამება და არასათანადო მოპყრობა-წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკმარისზე მეტი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე გამოძიება დაიწყოს. მარიამ ჯიშკარიანი სკანდალური კადრების საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნას და ამ საკითხის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დაყენებას ითხოვს.

მთავრობის მეთაურს ცხინვალის იზოლატორში პატიმრების ცემის კადრები არ უნახავს, თუმცა ამბობს, რომ მისი კაბინეტის წევრები ფაქტის შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუყვებიან. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრიც.

საერთაშორისო დამკვირვებლები კი, რომელთა იმედიც ოფიციალურ თბილისს აქვს, ოკუპირებულ რეგიონში მოსკოვის გადაწყვეტილებით ვერ შედიან. ისინი არც ცხინვალის იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე აკეთებენ განცხადებას.

 

დღის ამბები