25 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
ჩხუბის ფონზე ჩავლილი კიდევ ერთი გასაუბრება - მოსამართლეობის კანდიდატს ბესელიამ "ჯალათი" უწოდა

საპროტესტო აქციის და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა. სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს პაატა სილაგაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კითხვებს მთელი დღის განმავლობაში უსვამდნენ.

პაატა სილაგაძის მიმართ ოპოზიციასთან ერთად ყველაზე კრიტიკულები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი იყვნენ. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოსამართლეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები არაერთხელ შეახსენეს.

ყოფილი თანაგუნდელები - დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ, ისევ მოსამართლეთა მოსმენის დროს და სასამართლო სისტემაში გავლენიან ჯგუფზე საუბრისას. ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილი კლანის ლობისტად მოიხსენია და კომპეტენციაც დაუწუნა.

"ჯალათი" - ამ ეპითეტით მიმართა ეკა ბესელიამ კანდიდატს, როცა თავისი შვილის საქმეზე კითხვა დაუსვა. დეპუტატმა პაატა სილაგაძე, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს მისი არასრუწლოვანი შვილის საქმეზე განაჩენი აქვს გამოტანილი, პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. კანდიდატმა დღეს ბესელია - გოგიჩაიშვილის არცერთ შეკითხვას არ უპასუხა.

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს დეპუტატები დღეს 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ. დეპუტატები დაინტერესდნენ მისი წარსული და ამჟამინდელი საქმიანობით, ჰკითხეს იუსტიციის საბჭოს წევრსა და "კლანის" წევრად მოაზრებულ ლევან მურუსიძეზე, სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასა და სახელისუფლებო გავლენებზე. არაორდინალური კითხვების გარეშე არც დღევანდელ გასაუბრებას ჩაუვლია.

უმრავლესობის დეპუტატების კითხვები კი, ტრადიციულად, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს უკავშირდებოდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დღეს სხდომას დაესწრო, თუმცა კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა, რის შემდეგაც კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

პაატა სილაგაძეს კითხვები დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც დაუსვეს და დაინტერესდნენ, ნანობდა თუ არა წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მოსამართლეთა 20 კაციანი სიიდან პაატა სილაგაძე მეცამეტე კანდიდატია, ვისაც პარლამენტმა მოუსმინა. ხვალ დეპუტატები გასაუბრებაზე ნუგზარ სხირტლაძეს ელოდებიან.

დღის ამბები