07 დეკემბერი 2019,   10:40
ვრცლად
დანაშაულისთვის, რომელსაც მამა აღიარებს, შვილს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - სადავო საქმის სასამართლო გადაწყვეტილება

დმანისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მამის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, სასამართლომ პატიმრობა შვილს შეუფარდა. მეგობრის მკვლელობის გამო, გიორგი ბალახაძეს 11 წლიანი სასჯელი შეუფარდეს.

დაკავებულის მამა 2 თვეზე მეტია ამტკიცებს, რომ გიორგი ადუაშვილი მან მოკლა, სახელმწიფო ბრალდება კი მამის აღიარებას შვილის დაცვის მიზნით ხსნის.

გიორგი ბალახაძის ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მამის აღიარებასთან ერთად პროკურატურამ არც ის დანაშაულის იარაღი შეისწავლა, რომელიც დაცვის მხარემ მთავარ მტკიცებულებად წარადგინა. უფლებადამცველი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

განაჩენის გამოცხადებამდე გიორგი ბალახაძემ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მეგობრის მკვლელი ის არ არის.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაკავებულის დედა ელოდა, რომ მის შვილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ, ხოლო მის ნაცვლად მეუღლეს - დავით ბალახაძეს დააკავებდნენ.

ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე მსჯავრდებულის მამა "კურიერთან" ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუში მკვლელობის საღამოს დეტალურად იხსნებდა, კამერის წინ დანაშაულს აღიარებდა და დმანისის პოლიციაში მიღებული პირობის შესახებაც ყვებოდა. დავით ბალახვაძე ირწმუნებოდა, რომ მას შვილის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემის შემთხვევაში სამუდამო პატიმრობას აარიდებდნენ, შვილს კი მოგერიების მუხლით საპატიმროში მხოლოდ 2 წლის გატარება მოუწევდა.

საქმის განხილვა დასრულდა, თუმცა ოჯახი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზედა ინსტანციებში გეგმავს. ადვოკატი დანაშაულის იარაღის გამოსაკვლევად დამოუკიდებელი ექსპერტის დაქირავებას არ გამორიცხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები