19 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
ანაკლიის პორტის პერსპექტივა და კონსორციუმში "შემორჩენილი" ამერიკული კომპანია - რა ბედი ელის სტრატეგიულ პროექტს

ანაკლიის კონსორციუმში შემავალმა "კონტი ჯგუფმა" პროექტში დარჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს საბოლოოდ უარყო და თქვა, რომ საკუთარი წილის გაყიდვას ცდილობს.

"წელს Conti International-მა, "კონტი ჯგუფის" წევრმა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამაარსებელმა წევრმა, მიაღწიეს შეთანხმებას ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი პოზიციის გაყიდვის შესახებ.

ამჟამად შეთავაზებული ტრანზაქცია მოითხოვს საქართველოს მთავრობისა და კონსორციუმის სხვა წევრების თანხმობას, რომელიც არ დადასტურებულა და ნაკლებად სავარაუდოა მათი ვადამდე შესრულება. შედეგად, ტრანზაქცია არ შეიძლება დაიხუროს და მისი ვადის გასვლა მოხდეს ოქტომბრის ბოლომდე.

მაშინ, როცა კონსორციუმის მიმდინარე ტრანზაქციები ვერ განხორციელდა, მისი აქციები კვლავ უცვლელი რჩება. "კონტი" გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვას და დატოვებს კონსორციუმს პროექტის კონსტრუქციული მხარდაჭერით" - ნათქვამია წერილში.

არასწორი ინტერპრეტაციით ახსნა კონსორციუმის დირექტორმა მის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში რჩებოდა. იმის მიუხედავად რომ მთავარი საკითხი სწორედ 42%-იანი წილის მფლობელ ამერიკულ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობაა, ლევან ახვლედიანმა განმარტა, რომ ფაქტობრივი უზუსტობა მაინც არ დაუშვია, რადგან "კონტი ჯგუფი" ოფიციალურად ჯერ კიდევ ანაკლიის აქციონერია.

"მათ დააფიქსირეს თავისი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით, ჩვენ ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა, მათ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, მაგრამ ფაქტები არის იგივე, ტრანზაქცია რომელიც შეთანხმდა ზაფხულის განმავლობაში და გასაჯაროვდა თუ არ ვცდები აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში, იყო დაგეგმილი რომ ოქტომბრის ბოლომდე იქნებოდა ყველა ფორმალობა, ნებართვები, მათ შორის მთავრობისგან აღებული, ამ ფორმალობების დასრულება ვერ მოხერხდა, შესაბამისად ტრანზაქცია არ შედგა, "კონტის" აქციების გასხვისება აღარ მოხდა და რჩებიან ისინი აქციონერებად. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და არც ლაპარაკი არაა მათი აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შესაბამისად ისინი რჩებიან აქციონერებად," - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

იმ ფონზე, რომ კონტი ჯგუფი კონსორციუმს ანაკლიის პროექტის წარმატების სურვილით ემშვიდობება რჩება მთავარი კითხვები - ვინ ჩაანაცვლებს ინვესტორს და რომელი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებით. დღეს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა "კურიერთან" საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ეს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება.

"შეერთებულ შტატებს იმედი გვაქვს, რომ ის წარმატებით განხორციელდება, განსაკუთრებით ამერიკული ინვესტიციით,"- განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

ელჩის შემდეგ ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი დაადასტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც, თუმცა გახარია კონსორციუმსა და კონკრეტულ ინვესტორებს შორის მოლაპარაკებების დეტალებში არ შესულა.

"ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა, შესაბამისად რაც უფრო მეტი, პირველ რიგში ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს იმის თანხმობას, რომ ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ძლიერ, მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ პროექტში მონაწილეობაზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებების არ ჯერათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და პირიქით ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის მთავარ ხელისშემშლელ რგოლად ასახელებენ. რაც შეეხება მმართველი პარტიის წევრებს, ისინი პრობლემას არა ხელისუფლების, არამედ ანაკლიის კონსორციუმის მუშაობის ეფექტურობაში ხედავენ.

"ეს ჰგავს კატა - თაგვობანას თამაშს, როდესაც ერთის მხრივ მთავრობა ამბობს, რომ მეტი რა გინდათ ჩვენ კონსორციუმს ვეხმარებით, ამ დროს ყველა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს დაწყებული TBC ბანკის საქმით ნიშნავს რეალურად ანაკლიის პროექტისთვის ძირის გამოთხრას," - აცხადებს "კურიერთან" "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"ოცნების" ხელისუფლების პირობებში პროექტს უპერსპექტივოდ თვლის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე:

"ეს პროექტი არის დამთავრებულ ამ ხელისუფლების პირობებში. "კონტი ჯგუფი" იმიტომ გავიდა, რომ მიხვდა ამ პროექტის უპერსპექტივობას ამ ხელისუფლების პირობებში,"- აცხადებს დეპუტატი რომან გოცირიძე.

რამ განაპირობა ამერიკული "კონტი ჯგუფის" მიერ ანაკლიის პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება და რა დრო სჭირდება მათი წილების გასხვისების ტრანზაქციების დადასტურებას - ამ საკითხებზე განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. უწყებაში განცხადებებს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც "კონტი ჯგუფისგან" ოფიციალურ წერილობით შეტყობინებას მიიღებენ.

დღის ამბები