19 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის გაზრდილი ხარჯები და უკონკურსოდ დანიშნული 150-ზე მეტი თანამშრომელი

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის მანძილზე მასზე დაქვემდებარებული სიპებისა და აიპების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

უკონკურსოდ დაინიშნა 150-ზე მეტი თანამშრომელი. ახალი კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაასაჯაროვა. კვლევის მიხედვით 22 იურიდიული პირიდან მესამე სექტორს ინფორმაცია მხოლოდ 15-მა  მიაწოდა.

ირკვევა, რომ დასაქმებულების რაოდენობის ზრდასთან ერთად საბიუჯეტო ხარჯმაც იმატა. 2017 წელს ქუთაისის მერიამ აიპებსა და შპს-ების ფუნქციონირებისთვის 18 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

წელს კი მხოლოდ პირველი კვარტლის ბიუჯეტის მონაცემებით თანხა თითქმის 6 მილიონია. მკვლევარების ვარაუდით, წლის ბოლომდე ქუთაისის მუნიციპალიტეტს მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის 23 მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება.

კვლევის მიხედვით ყველაზე მაღალ ხელფასს საკალათბურთო კლუბის "ქუთაისი 2010" თანამშრომლები იღებენ. საშუალო ხელფასი კლუბში 3 ათას ლარზე მეტია. ყველაზე მაღალ პრემია-დანამატებს კი ქუთაისის ხელბურთელთა კლუბი "ქუთაისი" ხარჯავს.

2000 თანამშრომლამდე აღწევს ბაგა-ბაღებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. მათ ხელფასზე 2019 წლის პირველ კვარტალში მილიონ 821 ათს 166 ლარი დაიხარჯა. ამ სოლიდური საბიუჯეტო თანხის ხარჯვის მიუხედავად საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაინც თვლის, რომ საშტატო ერთეული ხელვნურად გაზრდილი არ არის.

სოლიდური საბიუჯეტო თანხის გახარჯვით ლიდერობს ქუთაისის აიპი "სპეცილური სერვისებიც", მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს მხოლოდ სამ თვეში 110 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, აიპების რაოდენობის ცვლილებას ბიუჯეტის ზრდა არ გამოუწვევია. იურიდიული სამსახურის უფროსი ამტკიცებს, რომ არასამტავრობო ორგანიზაციას კვლევაში არასწორი ციფრები აქვს დასახელებული

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციით ქუთაისის მერიამ აუცილებლად უნდა შეამციროს ადმინისტრაციული დანახარჯები და დაზოგოს საბიუჯეტო სახსრები.

დღის ამბები