19 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
25 მილიონ დოლარად შეფასებული ტერორისტი ლიკვიდირებულია

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ლიკვიდირებულია – სკანდალური ცნობა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მკვლელობის შესახებ თავდაპირველად მედიამ გაავრცელა.

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ინფორმაცია პირადად დაადასტურა.

დონალდ ტრამპმა საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ქურთებს მადლობა გადაუხადა და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას მიაგო პატივი, რომლებიც დაეშმა დახოცა. ტერორისტებმა ზოგი მათგანი ცოცხლად დაწვეს, ზოგი ცოცხლად დამარხეს და ზოგსაც თავი მოჰკვეთეს.

მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა კი სირიაში იდლიბის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაცია აღმოჩნდა, რომლის ფარგლებში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დაჯგუფების ლიდერი მოკლეს.

ერაყის ტელევიზიამ ჩატარებული რეიდის ისტორიული კადრები გაავრცელა. ოპერაციაში, რომელიც 2 საათამდე გრძელდებოდა, რვა ამერიკული ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაღდადი ტერორისტების სიაში 2011 წელს შეიყვანა და მისი დაკავების ან ლიკვიდაციისთვის ინფორმაციის სანაცვლოდ ჯერ 10 მილიონის, შემდეგ 25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

ახლა ტერორიზმის ისტორიაში აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ეპოქა დასრულდა. ქალაქ სამარაში 1971 წელს დაბადებული ისლამისტის წარსულის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

ერთ-ერთი ვერსიით, ჯიჰადისტი ის ჰუსეინის მმართველობის პერიოდში გახდა, თუმცა სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ალ-ბაღდადის რადიკალიზაცია სამხრეთ ერაყში ბუქას ციხეში მოხდა, სადაც ამერიკელ სამხედროებს "ალ-ქაიდას" მეთაურები ჰყავდათ დაკავებული.

დღის ამბები